X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2022 წლის ბიუჯეტი 104.1 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა

12 იანვარი 2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 103.5%-ით ანუ 104.1 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.

2022 წლის შედეგებით, სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას 3 მილიარდ 79.1 მილიონი ლარი მოახმარა, რითაც 104.1 მილიონი ლარით გადააჭარბა 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს (2 975.0 მლნ ლარი), 565.6 მილიონი ლარით კი - წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს ათვისებული  2 513.5 მილიონი ლარი, მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენდა, რომელიც 2022 წელს 23%-ით არის გაზრდილი.

სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც წლიური ბიუჯეტების დაზუსტებულ გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 1 954.9 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 105%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 630.3 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 101%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 445.2 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 101%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 30.7 მილიონი ლარი (წლიური დაზუსტებული გეგმის 100 %).

ისტორიულ მაქსიმუმზეა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტიც და 3 მილიარდ 331 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 12%-ით აღემატება.